mtavari sqemebi DMC_katalogi jvaredini qargvis wesebi dagvikavshirdit forumi
 
 
    გსურთ დაიწყოთ ჯვარედინი ქარგვა? გილოცავთ, თქვენ შემოაბიჯეთ საოცრებებით აღსავსე სამყაროში სადაც იძენთ უშრეტ სულიერ საზრდოს და ყოველთვის კარგ განწყობას. ეს სწორედ ის სამყაროა, სადაც იპოვნით საკუთარ თავს და აღმოაჩენთ თუ რისი შექმნა შეუძლია დიდ ხელოვნებაში თქვენს "ჯადოსნურ" ხელებს.
    მაშ, მოემზადეთ, მოეწყვეთ კომფორტულად და დავიწყოთ...
  1. გახსოვდეთ, მოქარგეთ ის ნამუშევარი რომელიც მოგწონთ. მოამზადეთ შესაფერი ქარგა, ძაფები, ნემსი და კანვა(ტილო). პატივისცემით მოეკიდეთ საქარგავ ინვენტარს. ნუ იჩქარებთ, გახსოვდეთ ქარგვის პროცესი გაცილებით უფრო სასიამოვნოა, ვიდრე დასრულებული ნამუშევრის ხილვა. ამაში თავადაც დარწმუნდებით. როდესაც დაიღლებით დაისვენეთ, თავს ძალა არ დაატანოთ.
  2. ხასიათი და გემოვნება ყველას სხვადასხვა გვაქვს, მაგრამ დამწყებ მქარგველებს ვურჩევთ ქარგვის დაწყებას მარტივი სქემით. რომ არ აგერიოთ ფერები, მალე შეძლოთ ნამუშევრის დასრულება და პირველი წარმატების განცდა.
  3. პირველ ხანებში, რომ არ დაიბნეთ შეარჩიეთ ისეთი კანვა, რომელსაც ექნება კარგად გამოკვეთილი უჯრები ნემსის ჩასაყრელად რათა ადვილად გამოგივიდეთ თანაბარი ზომის ჯვრები, მაგალითად სასურველია გამოიყენოთ კანვა "აიდა".
  4. არ გირჩევთ წვრილი კანვის გამოყენებას, რადგან ადვილად დაგეღლებათ თვალები.
  5. იმისათვის, რომ გაგიადვილდეთ ნაქარგზე ორიენტაცია, გთავაზობთ ქარგვის დაწყებამდე კანვაზე მონიშნოთ 10x10 უჯრის ინტერვალიანი ბადე სრეციალური ფლომასტერით, რომელიც გარეცხვის შემდეგ ადმილად მოსცილდება ნაჭერს. (ჩვეულებრივი ფანქარი არ ამოდის კანვიდან).
  6. კანვის ფლომასტერი ორი სახისაა. ერთი წყლით სცილდება, ხოლო მეორე, რომელსაც ჰქვია "ფანტომი" დროთა განმავლობაში თავისით ქრება. ფლომასტერი რომელიც ირეცხება უფრო მოსახერხებელია, რადგან მისი მოცილება შეიძლება ნებისმიერ დროს. ის ორი ფერის გამოდის კაშკაშა ცისფერი და კაშკაშა ვარდისფერი. რაც შეეხება "ფანტომს", ის კანვიდან 48 საათის განმავლობაში გადადის, თუ მზეზე გავაჩერებთ, კიდევ უფრო მალე გაქრება. მას პრეფესიონალები ცალკეული უბნების მოსანიშნად იყენებენ.
  7. გულდასმით გაეცანით ფლომასტერის მოხმარების ინსტრუქციას. თუ აკრძალულია მისი გადახურება, ნუ დატოვებთ მზეზე კანვას და ნუ მიუშვერთ ახლოს ანთებულ ნათურას. მუშაობის დასრულების შემდეგ აუცილებლად გრილი წყლით გარეცხეთ ნამუშევარი.
  8. აღნიშნული ფლომასტერი ზიგიერთი სახის კანვას ცუდად სცილდება, ამიტომ სანამ დაიწყებდეთ ქარგვას ჩაატარეთ ტესტირება. დახაზეთ და მონიშნეთ პატარა მონაკვეთი, გააჩერეთ რამოდენიმე დღე და შემდეგ გარეცხეთ.
  9. კანვაზე მონიშვნა შეგიძლიათ გააკეთოთ ძაფით, გაკეროთ ზოლებად. ყურადღებით იყავით, რთულია ნაკერთან ჯვარედინის მოქარგვა, გაითვალისწინეთ, რომ ნაკერი შემდგომში ადვილად უნდა ამოირღვეს.
  10. თუ შეარჩიეთ კანვაზე მოსანიშნი საშუალება, გადავიდეთ მონიშვნის ხერხზე. პირველ რიგში იპოვეთ ნაქარგის ცენტრი და აღნიშნეთ პატარა ჯვრით, განსაზღვრეთ სქემაზე ცენტრი, გადათვალეთ რა მანძილზე გაივლის ბადის უახლოესი ხაზები და ამ ხაზებიდან გააგრძელეთ კანვაზე ბადის მონიშვნა.
  11. სქემის ადვილად ამოსაცნობად ყოველი მოქარგული უჯრა გადაშალეთ უბრალო ფანქრით. არ გამოიყენოთ კალმისტარი, რადგან შემდგომში სქემის აღდგენა შეუძლებელი გახდება.
  12. სამუშაოდ გრძელყუნწიანი ნემსი გამოიყენეთ შესაბამისი წვერით. ნემსის დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს კანვის ნახვრეტს.
  13. კანვის მოჭრის დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ! ნაჭერი მოჭერით იმაზე მეტი ვიდრე ნამუშევარს ესაჭიროება. ზედმეტი ნაწილი გამოგადგებათ მისი გაფორმებისას.
  14. მუშაობის დროს კანვას ნაპირები რომ არ გამოეძენძოს, ირგვლივ შემოუარეთ საკერავი მანქანის ზიგ-ზაგით ან ხელით ამოუხვიეთ. შეგიძლიათ ირგვლივ შემოუაროთ სპეციალური ნაჭრის წებოთი.
  15. უფრო ხშირად გვირჩევენ მუშაობის ცენტრიდან დაწყებას. თუ თქვენთვის მოსახერხებელია შეგიძლიათ დაიწყოთ კიდედან და ქარგოთ რიგებად, მაგრამ ამ დროს ძნელია უკუღმა პირის ლამაზად წარმოჩენა, რასაც ნაქარგში არანაკლები მნიშვნელობა აქვს.
  16. ქარგვის დროს ეცადეთ სუფთად იმუშაოთ არა მარტო წაღმა პირზე, არამედ უკანაც.
  17. აუცილებლად შეამოწმეთ მულინეს ძაფის ხარისხი, გარეცხვისას ფერი გასდის თუ არა. ამისათვის მოჭერით ძაფის მცირე მონაკვეთი და გარეცხეთ, ან ორთქლში გაატარეთ. თუ ძაფს ფერი გადაუვიდა, მისი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, ის დაგისვრით ნამუშევარს.
  18. სამუშაოს დასრულების შემდეგ ნამუშევარი ფრთხილად გარეცხეთ გრილი წყლით.
  19. ფორუმის საშუალებით მუდმივად იქონიეთ კონტაქტი ჩვენთან და სხვა მოყვარულებთან. დავეხმაროთ ერთმანეთს ქარგვის თითოეული ნიუანსის დახვეწაში. გაუზიაროთ ერთმანეთს აზრები. ვიმეგობროთ და ერთად ვიმოგზაუროთ ფერთა ფართო პალიტრაში!
  გ ი ს უ რ ვ ე ბ თ   წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ს !